,,არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”- პრემიერი სუროგაციაზე

ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით.

,,ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. ამის თაობაზე ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება დამატებით მოგვახსენებს, შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და  იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს და კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, მე ვიცი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდს, სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

მსგავსი თემები