„ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია“ – პედიატრი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„დისტანციურ პირობებში ყოფნის გამო, ბავშვებში ისეთი პრობლემები გაჩნდა, როგორიც არის სიმსუქნე, აგრესიულობა, აღგზნებადობა, უძილობა, საგნის ათვისების პრობლემა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პედიატრმა თემურ მიქელაძემ განაცხადა.

სპეციალისტის განმარტებით,  ეს დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე სახლის პირობებში გამოკეტვასთან.

თემურ მიქელაძის განმარტებით, ბავშვთა უმრავლესობა კორონავირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება საკმაოდ რთულია.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციას თუ დააკვირდებით, 3-დან 4,5%-მდე მერყეობს დიაგნოსტირების შემთხვევები. ყოველდღიურად დაახლოებით 15 000-დან 20 ათასამდე ტესტი ტარდება.

თუ ასე გაგრძელდა, თვის ბოლოს დიდ ქალაქებში ალბათ სასურველია, რომ სკოლები გაიხსნას.

საკმაოდ რთულია ონლაინ მიჯაჭვულობა, განსაკუთრებით ისეთი ონლაინ მიჯაჭვულობა, რომელიც სწავლასთან არ არის დაკავშირებული. იქ არის სხვადასხა აგრესიული თამაშები, აურაცხელი შავი მასალა, რომელიც ბავშვებს სწრაფად იზიდავს და მშობლებს ბინის პირობებში მათი მართვა საკმაოდ უჭირთ. პირველ რიგში, გაჩნდა სხვადასხვა პრობლემები, როგორიც არის მაგალითად, სიმსუქნე. ბავშვებმა უკვე მკვეთრად მოიმატეს წონაში. გარდა ამისა, არის აღგზნებადობა, უძილობა, რაც დაკავშირებულია როგორც ეკრანდამოკიდებულებასთან, ასევე ბინის პირობებში გამოკეტვასთან“ – აღნიშნა თემურ  მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე განცხადებით ბავშვებზე ვირუსი იმდენ პრობლემას არ შექმნის, რასაც ნეიროფსიქიატრიული გართულებები:

„ბავშვთა უმრავლესობა ვირუსს უპრობლემოდ გადაიტანს, მაგრამ ნეიროფსიქიატრიული პრობლემების მოგვარება მერწმუნეთ, საკმაოდ რთულია. მას შესაძლოა, რამდენიმე თვე და წლებიც კი დასჭირდეს. ამ საფრთხის წინაშე უკვე დგანან განსაკუთრებით თინეიჯერული ასაკის ბავშვები. გახსნასთან ერთად აუცილებელია, რომ სკოლებმა და სხვადასხვა დაწესებულებებმა მაქსიმალურად დაიცვან ჰიგიენური ნორმები, რამეთუ მათი დაცვით, ჩვენ არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ სხვა ვირუსულ ინფექციებსაც თავიდან ვირიდებთ“,- განაცხადა მიქელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითეაბ.

მსგავსი თემები