პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტში დისკუსია ბავშვურ დონეზე მიდის

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებს კიდევ ერთხელ აფასებს და ამბობს, რომ განხილვები საკმაოდ ბავშვურ დონეზე მიდის. როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ბრიუსელში,  თბილ კაბინეტებში მოკალათებულები არ უნდა წყვეტდნენ საქართველოს საკითხს.

„არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე“ – აღნიშნა მან ევროპარლამენტართა საპასუხოდ, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო-რუსეთის პირდაპირი ფრენები ორმხრივად იყო შეთანხმებული.

„ამ ადამიანებს ზედაპირული ინფორმაცია და განსჯა აქვთ რაღაც ბანალური არგუმენტით, რომ თვითმფრინავი ვერ დაჯდება თბილისში, თუ თბილისმა არ მიიღო. საქართველოს მიმართ სანქცია დაწესებული იყო რუსეთის მხრიდან.  მას შემდეგ, რაც რუსეთმა სანქცია მოხსნა, ძველი რეჟიმი აღდგა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, შეეძლო უარი ეთქვა, მაგრამ მხოლოდ ერთი გზით – სანქციის დაწესებით. როცა საუბრობენ იმაზე, რომ თანხმობა იყო საჭირო, თუ საქართველო რუსეთს სანქციას დაუწესებდა, ეს იყო გზა, რომ ორმხრივი ფრენები არ დაგვეშვა. მინდა, იმ ადამიანებს ვკითხო, ვინც ბრიუსელის სავარძლიდან კომფორტში მოწყობილები გველაპარაკებიან ბავშვური არგუმენტებით – საქართველომ უნდა დაუწესოს თუ არა ორმხრივი სანქცია რუსეთს და ამით მოახდინოს ურთიერთობის ესკალაცია?“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, ბრიუსელი არ უნდა წყვეტდეს, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე.

„თუ ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს არ დაუწესოს, თუ ყველა დედაქალაქში გვეუბნებიან რომ არ დავუწესოთ, არ მგონია, რომ ბრიუსელიდან ბიუროკრატები თავისი თბილი კაბინეტებიდან უნდა წყვეტდნენ, საქართველო წავიდეს თუ არა ესკალაციაზე. ეს ამ ადამიანების შეფასებების ზედაპირულობას და უპასუხისმგებლობას აჩვენებს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა მედიასთან.

მსგავსი თემები