„წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შეისყიდონ ქართული ხორბალი, იმუშაონ სრული დატვირთვით”- შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, მალე დაიწყება ხორბლის მოსავლის აღების პროცესი და მნიშვნელოვანია ფერმერების დახმარება, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება და რეალიზაცია.

მინისტრის განცხადებით, ბოლო თვეების განმავლობაში მცირდება ფასები ფქვილზე, რამაც წისქვილკომბინატების დიდი ნაწილის ფაქტობრივი გაჩერება გამოიწვია, ვინაიდან ისინი არაკონკურენტულ გარემოში აღმოჩდნენ.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვაკვირდებოდით პროცესს და ფქვილის იმპორტი იყო მზარდი, ხორბალთან მიმართებაში; თუმცა, ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდა – დაახლოებით 25-30 000 ტონის ფარგლებში და წისქვილკომბინატები არასრული დატვირთვით, მაგრამ მაინც მუშაობდნენ. ასევე შეუფერხებლად ხორციელდებოდა ჩვენი ადგილობრივი მოსავლის დაბინავებაც. თუმცა, ბოლო სამ თვეში, ფქვილის იმპორტმა 2-
ჯერ გადააჭარბა ხორბლის იმპორტს. დაახლოებით, 20 000 ტონაა შემოსული ხორბალი და 40 000 ტონა ფქვილი, რისი მიზეზიც უკვე ვახსენე. ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა როგორც წისქვილკომბინატების წარმომადგენლებთან, ასევე, პურის მრეწველთა კავშირთან და მარცვლეულის
მწარმოებელთა ასოციაციასთან, ფქვილის იმპორტიორებთან. ამ შეხვედრების მიზანი იყო, რომ ყველა მხარესთან შეგვეჯერებინა ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც უპირობოდ შევინარჩუნებდით პურის ფასს და, არსებულ ვითარებაში, ფერმერებიც შეუფერხებლად შეძლებდნენ მოსავლის რეალიზაციას. გამართული კონსულტაციების
შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესდეს დამატებითი საფასური, რაც კონკურენტულ გარემოში ჩააყენებს წისქვილკომბინატებს.

წისქვილკომბინატები იღებენ ვალდებულებას, რომ შეისყიდონ ქართული ხორბალი, იმუშაონ სრული დატვირთვით და პურის მწარმოებლებს ისეთი პირობებით მიაწოდონ პირველი ხარისხის ფქვილი, რომ ამან არ გამოიწვიოს პურის გაძვირება. დადგენილების პროექტი დაახლოებით ორ კვირაში შევა ძალაში, იქნება დროებითი ღონისძიება და იმოქმედებს 5 თვის განმავლობაში; თუმცა, ამ პერიოდში, ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ ვითარებას და, შესაბამისად, მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც სიტუაციაზე იქნება მორგებული“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მსგავსი თემები