,,მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში” – დარჩიაშვილი გაფართოების პაკეტის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის ევროკომისიისთვის განკუთვნილი ანგარიში გადასცა, რომელიც გაფართოების პაკეტის ფარგლებში, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად პირველად მომზადდა.

„აღნიშნული დოკუმენტი იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს ნაწილია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაატარა ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე მექანიზმი, იმისთვის, რომ ოქტომბერში ევროკომისიამ მიიღოს შესაბამისი დასკვნა,ხოლო ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოსთვის მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.“- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ 2022 წლის მაისიდან დღემდე გადადგმულ ნაბიჯებსა და გატარებულ რეფორმებს ასახავს და რომელიც, ევროკომისიის ფარგლებში განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.

„ევროკავშირის ელჩს პირადად გადავეცი აღნიშნული დოკუმენტი. ჩვენ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯზე, რომელიც გადადგა საქართველომ და რომელიც დაგეგმილია იმისთვის რომ ევროკომისიის 12 პუნქტი შესრულდეს დაპირებულ ვადებში და იმ ლოგიკით,რომელიც ჩადებულია რეკომენდაციებში. ვისაუბრეთ მომავალ აქტივობებზეც. რაც ყველაზე მთავარია დოკუმენტი,რომელიც დღეს გავუზიარეთ ელჩს და პარალელურად გაიგზავნა ბრიუსელში, მიიღებს ძალიან მნიშვნელოვან მონაწილეობას ევროკომისიის მხრიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

დოკუმენტი 35 თავს მოიცავს და მასში ასახულია ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა სახის აქტივობები და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მსგავსი თემები