“ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში” – აშშ-ის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს შესაძლებლობა, სასამართლო სისტემაში კურუფციული ბრალდებების საქმე გამოიძიოს. როგორც ელჩი აცხადებს, აშშ-ის მხრიდან, როცა სანქციები დაუწესდა მოსამართლეებს, არავითარ შეცდომას არ ჰქონია ადგილი.

„ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის წაახალისებს ყველა პოლიტიკურ პარტიას საქართველოში, მივიდნენ პარლამენტში და უზრუნველყონ მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ ამისთვის არის შექმნილი ეს ინსტიტუცია. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, გამოიძიოს კორუფციის შესახებ ბრალდებები სასამართლო სისტემაში, რაც ფართოდ იყო ცნობილი წლების განმავლობაში. მინდა ძალიან ცხადად ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრმა გააკეთა განცხადება, თითქოს ჩვენ არ ვართ კარგად ინფორმირებულები – არავითარ შეცდომას ადგილი არ აქვს. ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ამ ოთხი ინდივიდისთვის სანქციის დაწესებას, რაც გულისხმობს მათ ჩართულობას კორუფციულ აქტივობაში“ – განაცხადა კელი დეგნანმა მედიასთან.

ელჩს იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.

„ჩვენ ჩავატარეთ ძალიან საფუძვლიანი მიმოხილვა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, იქამდე, სანამ ამას ჩავუშვებდით სისტემაში, რომელიც მიდის სახელმწიფო მდივნამდე. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამის საფუძვლებში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ გამოიძიოს ეს ბრალდებები იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია”, – აღნიშნა ელჩმა.

 

მსგავსი თემები