ოპოზიცია პრეზიდენტს ბოდიშს უხდის და სთხოვს, ხვალ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ მოიწვიოს

ოპოზიცია პრეზიდენტს დღეს მეორედ მიმართავს და ამჯერად, სთხოვს, ხვალ, პარლამენტის საგანგებო სხდომა არ მოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ დღეს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა, სადაც ხვალ, პარლამენტის საგანგებო სხდომის დანიშვნა სთხოვა. სხდომის ჩანიშვნის მიზანი და საგამოძიებო კომისიის შექმნა იყო, რომელსაც მოსამართლეების კორუფციული გარიგებების საქმე უნდა გამოეძია.

როგორც თამარ კორძაიამ აღნიშნა, დაუგეგმავად, საპარლამენტო ოპოაიციის ორმა წევრმა ქვეყანა დატოვა. თუ პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნას დაადასტურებს, ამ შემთხვევაში, საკითხი ჩავარდება, რადგანაც, ოპოზიციას 2 წევრი გამოაკლდა და მათ ხმების საჭირო რაოდენობა არ ექნებათ.

ოპოზიციამ პრეზიდენტს სთხოვა, სხდომა მაშინ დანიშნოს, როცა ოპოზიციის ყველა წევრი საქართველოში იქნება.

„დღეს მეორედ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ მიერ გაგზავნილი მიმართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა, ხვალ, 11 აპრილს რიგგარეშე სესიის მოწვევას, მოულოდნელად, ორმა დეპუტატმა დაუგეგმავად დატოვა საქართველო. ამიტომ, ხვალ ოპოზიციას არ ჰყოფნის ხმები, რომ მიიღოს გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

იმისთვის, რომ აღმოვფხვრათ ზედმეტი ინტერპრეტაციები, ამ თხოვნის მიზანი პრეზიდენტისადმი არის ის, რომ საქართველოს პარლამენტში მყოფი ოპოზიცია შეთანხმებულია საგამოძიებო კომისიის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამიტომ, გვსურს, რომ კენჭისყრა ჩატარდეს სწორედ მაშინ, როცა ოპოზიცია სრულად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი. ბოდიშს ვუხდით პრეზიდენტს, რომ ეს დაუგეგმავი ვითარება შეიქმნა. მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს ხვალინდელი სხდომა არ მოიწვიოს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

როგორც გაირკვა ლევან ხაბეიშვილი და ანი  წითლიძე არიან ის დეპუტატები, რომლებმაც ქვეყანა დაუგეგმავად დატოვეს.

მსგავსი თემები