20-პუნქტიან წერილს როცა აქვეყნებ, 1 პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს – ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “თიბისი ბანკის”საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია და ვერც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საფუძველს ხედავს.

​იგი საზოგადოებას მოუწოდებს, პოლიტიკურ დატვირთვას ნუ მისცემენ ისეთ საკითხს, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში უნდა იყოს განხილული. ხოლო საგამოძიებო კომისიის შექმნა არის გარკვეული ძალების მცდელობა, ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ. 

ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის შეფასებით, არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს “თიბისი ბანკის” საქმეზე გამოქვეყნებული მუქარის წერილი, რომელიც, არსებული ვერსიით, ბანკის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მისწერა.   

მისივე თქმით, საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ამ მტკიცებულებას და კომპრომატებს, თუმცა შედეგად, პრინტერზე ამობეჭდილი ფურცელი მიიღეს, რაც, კობახიძის თქმით, არასერიოზულია. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ფურცელზე გარკვეული ტექსტი ამობეჭდოს.  

“თურმე „არტარეას“ სთხოვდა ვიღაც, ობიექტურობის მაღალი სტანდარტების დაცვას. როცა 20-პუნქტიან ე.წ წერილს აქვეყნებ, ბუნებრივია, ერთი პუნქტი მაინც უნდა დაამთხვიო სინამდვილეს და შეგიძლია ეს შენ გააკეთო პოსტფაქტუმ.  ოციდან ერთს თუ დაამთხვევ პოსტფაქტუმ, ეს ძალიან დიდი მიღწევაა.  სამართალდამცავი ორგანოები ბოლომდე გაჰყვებიან ამ საქმეს”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ვერც პოლიტიკა და ვერც ბიზნესი, ვერ იქნება ინდულგენცია ვერავისთვის, თუ სამართალია დარღვეული. საუბარია მარტივ საქმეზე, რომლის გამოძიებაში ჩართულია  სამართალდამცავი ორგანოები. მათ უნდა მიეცეთ დრო იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს გამოძიებული ეს საქმე.

“ეს საკითხი აუცილებლად, სამართლებრივ ჩარჩოში უნდა განვიხილოთ. ყველა პარლამენტარს ექნება დაკვირვებისა და საქმეში ჩართვის საშუალება. საგამოძიებო პროცესები გამჭვირვალედ წარიმართება”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

მსგავსი თემები