,,რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, 24 თებერვალს ამას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ახლა უკრაინა ეტაპობრივად ათავისუფლებს ტერიტორიებს და ასუსტებს რუსეთის პოტენციალს.

„ზუსტად რვა თვე გავიდა სრულმასშტაბიანი ომიდან. რას მივაღწიეთ ამ დროში? ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა და რუსეთი ამას ვერ შეცვლის. ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ უკრაინულ ტერიტორიას. უკრაინა ტეხს ე.წ. მსოფლიოს ნომერ მეორე არმიას. ახლა რუსეთი რაღაცას სთხოვს ირანს, რაღაცის გამოწურვას ცდილობს დასავლეთისგან, იგონებს სხვადასხვა უაზრობას უკრაინაზე. რუსეთი აღარასდროს იქნება სუბიექტი, რომელიც ვინმეს რამეს კარნახობს. მას პოტენციალი აღარ გააჩნია კარნახისთვის. მსოფლიო ხედავს ამას. იყო გაზის მხრივ გავლენა – აღარაა, იყო სამხედრო გავლენა – აორთქლდა. იყო პოლიტიკური წონა – ახლა მუდმივად მზარდი იზოლაციაა. იყო იდეოლოგიური ამბიციები – ახლა მხოლოდ ზიზღია. და ეს კონფიგურაციების მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევრო-აზიის ჩვენს ნაწილში. რაც უფრო მეტად დაკარგავს რუსეთი პოტენციალს, მით უფრო მეტად მიიღებენ რეალურ თავისუფლებას ერები, როგორც რუსეთის გვერდით, ასევე მის საზღვრებში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები