,,ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს”- შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციისას 300 ათასი რეზერვისტი იქნება გაწვეული

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 ათასი რეზერვისტი. მისი თქმით, რუსეთს  ჯამში თითქმის 25 მილიონ ადამიანის მობილიზაცია შეუძლია.

როგორც შოიგუმ აღნიშნა, ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებმაც იმსახურეს ჯარში,  აქვთ სამხედრო სპეციალობა და საბრძოლო გამოცდილება.  მისი განმარტებით  „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე“ გაგზავნას სტუდენტები და წვევამდელები არ დაექვემდებარებიან.

„ბუნებრივია, რაც ამ ხაზს უკან არის, უნდა გამაგრდეს, ეს ტერიტორიები უნდა გაკონტროლდეს და პირველ რიგში, სწორედ ამიტომ ხდება ეს ნაწილობრივი მობილიზაცია“, – განაცხადა შოიგუმ.

შოიგუს თქმით, დღეს რუსეთი ეომება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ „კოლექტიურ დასავლეთს“.

„დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს, რადგან ის იარაღი, რომელიც ჰქონდა უკრაინას, ის ფაქტობრივად ამოწურულა, ეს იყო ფაქტობრივად საბჭოთა იარაღი“, – აღნიშნა  შოიგუმ.

ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა – (mcm.ge)

მსგავსი თემები