იურიდიულმა კომიტეტმა, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ კანონს ვეტო დაადო და ეს იყო სალომე ზურაბიშვილის პირველი ვეტო, რომელიც მან გამოიყენა

საკითხი შეეხებოდა პარლამენტის მიერ 7 ივნისს მიღებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც იზრდება სისხლის სამართლის იმ დანაშაულთა ჩამონათვალი, რომელთა მიმართაც შესაძლებელი გახდება ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინგადადგმულ ნაბიჯად და იგი კონსტიტუციით გარანტირებული და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას აფერხებს.

მისივე განცხადებით, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანაა, თუმცა, ამან არ უნდა განაპირობოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევა.

გიორგი მსხილიძის შეფასებით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, მონახოს გზა, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების, ისე ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და თავისუფალი განვითარების ფუნდამენტური უფლებების დაცვას.

საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის შეთავაზება გააცნო.

„გთავაზობთ, გარდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლში განსახორციელებელი ცვლილებებისა, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ვადის გამოთვლას ითვალისწინებს, უცვლელი სახით შენარჩუნდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი რედაქცია“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

მსგავსი თემები