,,დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს”- ყაველაშვილი დეგნანს

,,როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია,”- ამ სიტყვებით ,,ქართული ოცნებიდან” წასული მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს  მიმართავს.

,,ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ არ ემიჯნებით იმ ადამიანების მოთხოვნას მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შესახებ, რომლებსაც თქვენ აფინანსებთ. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ ამ ადამიანების ქცევაზე ზემოქმედების სრული ბერკეტი გაქვთ. როგორც ცნობილია, ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. როდესაც ე.წ. ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნას არ ემიჯნებით, ხალხი ლოგიკურად ფიქრობს, რომ სულ მცირე, ამ მოთხოვნას მხარს უჭერთ, უარეს შემთხვევაში კი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს მოთხოვნა, სულაც, თქვენი მოფიქრებულია. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, აუცილებელია, ტექნიკური მთავრობის შესახებ მოთხოვნასაც საჯაროდ და მკაფიოდ გაემიჯნოთ, რომ ქართველმა ხალხმა ამერიკაზე ცუდი არ იფიქროს,”- აღნიშნავს ყაველაშვილი.

საქართველოს პარლამენტის წევრის განცხადებით, გაუგებარია თუ რატომ არ ემიჯნება კელი დეგნანი გარკვეული სუბიექტების განცხადებებს.

,,რაც მთავარია, დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს. აქვე გავიხსენებ, რომ, სამწუხაროდ, თქვენ დღემდე არც თქვენი ერთ-ერთი წინამორბედის, ამერიკის ყოფილი ელჩის, უილიამ კორტნის განცხადებას გაემიჯნეთ, რომელმაც თქვენს მიერ თავის დროზე ფილანტროპად წოდებული ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ოლიგარქად მოიხსენია და დეოლიგარქიზაციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯი გაიმეორა,”- განაცხადა ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, მას თავი ვალდებულად მიაჩნია  კითხვები დაუსვას კელი დეგნანს და იმედოვნებს, რომ აშშ-ის ელჩისგან მკაფიო პასუხებს მიიღებს.

,,იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს. ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს. ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“, – აცხადებს ყაველაშვილი.

,,ნარატივი, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა „ეფესბეს“, არამედ თქვენგან დაფინანსებული ადამიანების განცხადებებში უნდა ვეძებოთ”- ყაველაშვილი კელი დეგნანს

მსგავსი თემები