,,ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი”- ივერი მელაშვილი

6-თვიანი პაუზის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მსჯელობა განახლდა. ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია პროკურატურა ვის გამოკითხავს და როდის დასრულდება აღნიშნული პროცესი.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მოწმეების დაკითხვები მიმდინარეობს. ვის დაიბარებენ, ვის დაკითხავენ, ჩვენთვის წინასწარ უცნობია. რატომ ჭიანურდება პროცესები, ეს კითხვა მეც მაქვს, შეიძლება რაღაცას ვფიქრობდე, მაგრამ არ მინდა წინ გავუსწრო რაღაც მოვლენებს. ფაქტი ისაა, რომ ჭიანურდება ძალიან. მოწმეების რაოდენობა ბევრია, როდის მორჩება ეს დაკითხვები, არ ვიცი.

საკითხის ანალიზი იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ საერთოდ ამ საქმის წამოწყება იყო თუ არა გამართლებული. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში აგორებული საქმე და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭების თვალსაზრისით. ვფიქრობ, უფრო პოლიტიკურად მოტივირებული საქმე იყო, არა უშუალოდ ჩემ მიმართ, არამედ მთლიანად ამ ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულების თვალსაზრისით. რატომ უნდა აწყობდეთ ამ საქმის დამკვეთებს ასე სწრაფად მორჩენა”,- განაცხადა მელაშვილმა.

შეგახსენებთ, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას გამოძიება საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება.

მსგავსი თემები