,,ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილებაა, რასაც საფუძვლად საქართველოს მოსახლეობის მტკიცე სურვილი უდევს, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს.

„საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში პირველად მაქვს პატივი, თქვენ წინაშე წარვდგე. მინდა, თითოეული თქვენგანის მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო და გამოვხატო სურვილი და ინტერესი თითოეულ თქვენგანთან ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვიმუშაოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა.

2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს. ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია. ევროპული არჩევანი საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობაა და ის ჩვენი საგარეო პოლიტიკური ტრადიციაა. მეტიც, ის საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუციური ნორმაა. საქართველოს წინაშე არსებული მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპის კონტინენტზე ომი პირველად 2008 წელს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, შემდგომ 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ კიდევ ერთხელ იქცა სამწუხარო რეალობად, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ჩვენს უკრაინელ ძმებს, დებს და უკრაინას.

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე გაკეთებული განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია. თქვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის, მმართველი პარტიის დეკლარირებული საგარეო პოლიტიკური ამოცანა იყო 2024 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადის წარსადგენად ქვეყნის მომზადება. თუმცა დაგეგმილი ორი წლით ადრე განაცხადის გაკეთება, ერთი მხრივ, იყო ჩვენი პასუხი შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოზე, ხოლო მეორე მხრივ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის პროცესში, ბოლო წლებში მიღწეული პროგრესი და ასევე იმის გაცნობიერება, რომ საქართველო უკვე დღეს, 2022 წელს იყო მზად ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასასვლელად“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები