,,პოლიტიკურ დევნაზე საუბარი მიუღებელია”- გურამ მაჭარაშვილი გვარამიას განაჩენზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. მისი შეფასებით, მიუღებელია საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე.

„რუსთავი 2-ის საქმეზე გვახსოვს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას სწორი, სამართლიანი და ობიექტური გადწყვეტილება ჰქონდა მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია მიტაცებული ჰქონდათ ნიკა გვარამიას და მის თანამზრახველებს. ახლა უკვე დადგინდა, რომ მას და მის თანამზრახველებს ჰქონდათ მიტაცებული თანხები და ეს თანხები ბიუჯეტში იმ მიზეზით არ შედიოდა, თითქოს, „რუსთავი 2“-ს ფინანსური შესაძლებლობები არ ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ კომპანიიდან საკმაოდ სოლიდური თანხები არასწორად, არაკანონიერად მიემართებოდა გვარამიასა და მისი თანამზრახველების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, მოჭარბებული პოლიტიკური განცხადებები და ემოციები უსაფუძვლოა. ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა და საერთაშორისო სასამართლომ კარგად დაინახეს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მედიასაშუალებების ნაწილი ე.წ. დემოკრატიის ფარით სარგებლობს, ვითომ, დემოკრატიის დაცვით სჩადიან არაკანონიერ ქმედებებს. სამართლებრივ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება, რომ სამართალდარღვევა ჩაიდინო და გინდა, ამ პასუხისმგებლობას გაექცე, რადგან საჯარო მოხელე ხარ ან მედიასაშუალების ხელმძღვანელი. საუბარი ე.წ. პოლიტიკურ დევნაზე მიუღებელია ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისთვის. რადიკალურ ოპოზიციასა და ამ მედიასაშუალებებს საერთაშორისო სასამართლომ სავიზიტო ბარათი გადასცა, რომლითაც დადგინდა, რომ „რუსთავი 2“-ს არაკანონიერად ფლობდნენ. ბუნებრივია, ამ ფონზე რაიმე სახის პოლიტიკურ დევნას არავინ დაიჯერებს“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები