“ეკა ბესელიას პოზიცია ლოგიკურია, მე მჯერა მისი” – ბექა ნაცვლიშვილი უვადო მოსამართლეებზე 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” წევრი ბექა ნაცვლიშვილი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას გადადგომას, პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების იმ სიას უკავშირებს, რომელთა შორის, ბესელიასთვის ბევრი მიუღებელი კანდიდატურაა დასახელებული.

როგორც ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აქტიური კონსულტაცია აქვს ეკა ბესელიასთან და დარწმუნებულია, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველი სწორედ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება.

“ამ შემთხვევაში მეტი კომუნიკაცია მაქვს ეკა ბესელიასთან, ვიდრე ირაკლი კობახიძესთან, შესაბამისად, ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი. რადგან ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება სწორედ მოსამართლეების საქმეს უკავშირდება, მე მისი მჯერა. გამომდინარე იქიდან, პროცესები შემდგომ როგორც წარიმართა, ჩემის აზრით არსებობს საფუძველი იმისა, რომ ბესელიას პოზიცია მოსამართლეების მიმართ ლოგიკურია”, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა “მთავარში“.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში ცალკეული კადრების შეცვლაზე მეტად, შესაცვლელია ხელისუფლების ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა, სხვა შემთხვევაში ქვეყანაში არ დამყარდება თანასწორობა და არ იქნება კანონის უზენაესობა.

“მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც საზოგადოებაში ასეთი უთანასწორობა იყოს, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია და იქ კანონის უზენაესობა იყოს დაცული”, – აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მსგავსი თემები