“პარლამენტში 76 ცხვარი უნდა აღმოჩნდეს, ვინც ამ მოსამართლეებს მხარს დაუჭერს“ – დავით ჭიჭინაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე, ბესელია-ფოფხაძესთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს უვადო მოსამართლეების საკითხს უკავშირებს და აცხადებს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, თანაპარტიელები მათ არასწორად მოექცნენ.

დავით ჭიჭინაძე თავის ზოგიერთ კოლეგას ცხვარს ადარებს და ამბობს, რომ თუ პარლამენტში 76 ცხვარი აღმოჩნდება, უვადო მოსამართლეების დანიშვნის საკითხი დადებითად გადაწყდება.

„იურისტი არ ვარ და იურიდიულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა, მომხდარს პოლიტიკური თვალსაზრისით შევაფასებ. ეს იყო დიდი შეცდომა. როცა თანაგუნდელის კომიტეტიდან გამოწვევის საკითხს კენჭისყრაზე აყენებ, ამით ადამიანებში დაპირისპირებასა და უნდობლობას იწვევ. რასაც დღემდე იძახდნენ, გუნდი, გუნდი-ო, გუნდი კი არა, ამას ცოტა სხვა რაღაც ჰქვია,“ – აღნიშნა ჭიჭინაძემ „მთავარში“.

დეპუტატი ამ დროისთვის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია, თუმცა, თებერვალში ფრაქციას ტოვებს. როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, ის საკუთარ თავს იმ ადამიანების გუნდში მოიაზრებს, რომლებსაც საერთო ხედვა გააჩნიათ.

„საკუთარ თავს განაწყენებულთა რიგებში ვერ ჩავთვლი. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და უსამართლობას ვერასდროს ვეგუები. რაც შეეხება ფრაქციის ჩამოყალიბებას, ბესელიასთან, კობერიძესთან, გედისთან და სხვებთან, ვინც გარკვეულ ღირებულებებს ატარებს, კომუნიკაცია ყოველთვის მქონდა. არ ვფიქრობ, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ფრაქციის ჩამოყალიბება. ფრაქცია უფრო პოლიტიკური ორგანიზაციაა. ფრაქციები თანამდებობისთვის კი არა, ღირებულებებისთვის უნდა იქმნებოდეს“, – აღნიშნა ჭიჭინაძემ „მთავარში“.

რაც შეეხება მოსამართლეთა დამტკიცების წესს დეპუტატი ამ საკითხზე საკმაოდ მწვავეა და ამბობს, რომ მას მხარს მხოლოდ ცხვრები დაუჭერენ: „სასამართლოს საკითხი და ის მოსამართლეები, რომელთა სიაც პარლამენტში იყო წარმოდგენილი, ამ დეპუტატების გავლილ გზას რადიკალურად ეწინააღმდეგება. სწორი ნაბიჯი იყო, როცა დეპუტატთა ნაწილმა ეს გააპროტესტა. შესაბამისად, ეს ადამიანები ერთად გააგრძელებენ ბრძოლას და ამაში მათ ჩემი მხარდაჭერა მათ ყოველთვის ექნებათ. მოსამართლეების დამტკიცების წესი იმდენად უსამართლო და უზნეოა, პარლამენტში 76 ცხვარი უნდა გამოჩნდეს, რომელიც მას ხმას მისცემს. არ შეიძლება, შინაგან არ უჭერდე მხარს და მაინც მისცე ხმა. ვინც ამას მხარს დაუჭერს, ეს მათ საგვარეულო ხაზზეც აისახება“.

მსგავსი თემები