მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმი ტურიზმის განვითარებას აზარალებს – გიორგი კაპანაძე

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი კაპანაძე ქალაქ მცხეთაში გამოცხადებული მორატორიუმის უარყოფით მხარეებზე საუბრობს და ამბობს, რომ არსებული რეალობა ტურიზმის განვითარებას ზიანს აყენებს.
​როგორც “მთავარს” გიორგი კაპანაძემ განუცხადა, მცხეთაში შეჩერდა ყველა სახის მშენებლობა, მოსახლეობა ვეღარ ახერხებს სასტუმრო სახლების და კვების ობიექტების მშენებლობის განხორციელებას. წლების მანძილზე ქალაქში გამოცხადებულმა მორატორიუმმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა ადგილობრივ მოსახლეობას, შეუძლებელი ხდება ელემენტარული კომუნიკაციების გამართვა.

„მცხეთაში დღეს არსებული მორატორიუმი ნებისმიერი სახის მშენებლობაზე, პრივატიზაციასა და გასხვისებაზე, სახელმწიფო და კერძო სექტორზე თანაბრად ვრცელდება. ინფრასტრუქტურული პროექტების შეფერხება კი ტურიზმის განვითარებას სერიოზულ ზიანს აყენებს რაც ცალსახად აისახება ეკონომიკის განვითარებაზე”, – აცხადებს გიორგი კაპანაძე „მთავართან“ საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის ინიციატივითა და რეკომენდაციით მცხეთაში სამშნებელო სამუშაოებზე  სახელმწიფო მორატორიუმი 2018 წლის ბოლომდე გამოცხადდა.

მცხეთის მერის განცხადებით, მთავარი წინააღმდეგობა ქალაქის ურბანული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის არარსებობაა. გენგეგმის ჩამოყალიბების პროცესში, შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალებით დაკომპლექტებული ექსპერტთა საბჭო უნდა ჩაერთოს. თუმცა, საბჭოს ჩამოყალიბება გაურკვეველი მიზეზთა გამო გაჭიანურდა, რაც გენერალური გეგმის 2019 ბოლომდე დასრულებას საფრთხეს უქმნის. ასევე  უწყებათაშორისი მმართველი საბჭო, რომელიც კონცეპტუალურ  გადაწყვეტილებებს მიიღებს.

“მცხეთის მიწათსარგებლობის გეგმა რეალურად უნდა პასუხობდეს კითხვას, თუ რა სჭირდება ქალაქს განვითარებისთვის. გენერალური გეგმა უნდა ითვალისწინებდეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას, ასევე საპატრიარქოსა და მოსახლეობის ინტერესს“, – მიაჩნია ქალაქის მერს.

გიორგი კაპანაძის თქმით, მცხეთაში ტურიზმს მეტი ყურადღება მიექცევა, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზეც აისახება.

მსგავსი თემები