მოსკოვში, თითქმის 10 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი „დაზავდნენ“. შეთანხმება მიღწეულია, რომ მთიანი ყარაბაღის გამო დაწყებული საომარი მოქმედებები დღეს, 12:00 საათიდან შეწყდება.
აღნიშნული განცხადება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ სერგეი ლავროვმა გააკეთა.
„ცეცხლი 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ჰუმანიტარული მიზნით შეწყდება, რომლის მიზანი „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ შუამავლობითა და მისი რეგულაციების შესაბამისად ომის ტყვეების, სხვა დაკავებული პირების და დაღუპულების ცხედრების გაცვლაა,“- ვკითხულობთ მხარეების ერთობლივი განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკანიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა დახურული იყო და საკმაოდ დიდხანს მიმდინარეობდა. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში გუშინ ჩავიდნენ.