მარნეულის მოქალაქე, რომელმაც არასრულწლოვანი გოგონა გაიტაცა, დაკავებულია. 22 წლის მამაკაცმა, 18 წლის გოგონა თავზე ტომარა ჩამოცმული გაიტაცა და მისი ცოლად შერთვა სურდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გ. მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა. სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს“ – აცხადებენ შსს-ში.
გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.