საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გოგა გულორდავამ, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, პაატა სილაგაძეს კითხვით მიმართა და მისი ინტერვიუდან ციტატა წაუკითხა:
“2013 წლის მერე დაიძაბა დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ ისე, რომ მოსამართლეთა კონფერენციას ხშირად უწევს თავისი პოზიციის დაფიქსირება – რა იგულისხმეთ ამაში, რას ნიშნავს 2013 დაიძაბა დამოკიდებულება?
რაზეც მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა: “იმ დროს სასამართლოს მიმართ იყო მეტი არასამართლიანი კრიტიკა ზოგიერთი ორგანიზაციის მიერ. ამ სიტყვებში ვიგულისხმე ის პროცესები, რაც სასამართლოს მიმართებაში მიდიოდა.”
გოგა გულორდავა: “თქვენ რა იგულისხმეთ, რომ სასამართლო სისტემა უფრო უკეთესი იყო ვიდრე 2013 წლამდე?”
პაატა სილაგაძე: “არა, მაგას არ ვგულისხმობდი. იყო ფაქტები, კონკრეტული მოსამართლეების არჩევის საკითხზე და ა.შ საკანონმდებლო თვალსაზრისით ის წნეხი მოხსნილია, რაც 2012 წლამდე იყო. “
გოგა გულორდავა: “2012 წლამდე, საკანონმდებლო წნეხის გარდა, სხვა წნეხი არ არსებობდა”?
პაატა სილაგაძე: “მე, სხვა წნეხი არ განმიცდია.”