ცესკო პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს

საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებას საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საარჩევნო ადმინისტრაციას დისკრიმინაციული გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებს, რითაც ხელს უწყობს იმ დისკრედიტაციულ კამპანიას, რომელიც დაინტერესებული მხარეების მიერ უწყების წინააღმდეგ ხორციელდება. ინფორმაციას ცესკო-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას საზოგადოებას განუმარტოს კანონმდებლობის ის კონკრეტული ნორმა ან პროცედურა, რომელიც დაარღვია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შექმნისას. დაასახელონ არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიჩნევენ ცესკოს გადაწყვეტილებას დისკრიმინაციულად.

საარჩევნო ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და პირადად პრეზიდენტსაც არაერთხელ სხვადასხვა ფორმატის შეხვედრების ფარგლებში განუმარტა ის რეგულაციები, რასაც კანონი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ითვალისწინებს. შესაბამისად, მათთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე. სწორედ კანონმდებლობის ზედმიწევნით დაცვით მოხდა 26 სექტემბერს ცესკოს სხდომაზე 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნა. უბანი შეიქმნა ყველგან, სადაც ამის კანონიერი საფუძველი არსებობდა. კანონიერი გადაწყვეტილებების დისკრიმინაციულად წარმოჩენა კი სხვა არაფერია თუ არა უწყების მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის დაზიანება“- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები