გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის

გერმანიის მთავრობა თავშესაფრის მინიჭების პროცედურის მოდელებს სხვა ქვეყნების მაგალითზე შეისწავლის. მათ შორის, განიხილება იტალიის შეთანხმება ალბანეთთან და გაერთიანებული სამეფოს შეთანხმება რუანდასთან. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბერლინში 16-ვე ფედერალური მიწის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დეკემბერში პრემიერებთან მომდევნო შეხვედრისას მათ ახალ ინიციატივებსა და წინადადებებს წარუდგენს.

ცნობისთვის, იტალიასა და ალბანეთს შორის არსებული შეთანხმებით, ალბანეთი ვალდებულებას იღებს ერთდროულად 3000-მდე მიგრანტი თავისთან განათავსოს, ვიდრე იტალია მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. წლიურად კი მათი რიცხვი 36 000-ით არის განსაზღვრული.

რაც შეეხება ბრიტანეთისა და რუანდის შეთანხმებას, თავშესაფრის მაძიებლები, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოში უსაფრთხო ქვეყნიდან, მაგალითად, საფრანგეთიდან შევლენ, რუანდაში გაიგზავნებიან. სადაც განიხილება მათი მოთხოვნა. დაკმაყოფილების შემთხვევაში, მათ ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებათ და უფლება დარჩნენ რუანდაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ რუანდაში სხვა საბაბით დასარჩენად, ან სხვა მესამე ქვეყანაში მოითხოვონ თავშესაფარი. თავშესაფრის მაძიებლები ვერ შეძლებენ გაერთიანებულ სამეფოში დაბრუნებაზე განაცხადის გაკეთებას.

მსგავსი თემები