ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე შსს-ს ორი თანამშრომელი დააკავეს

ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავეს. ინფორმაციას, სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრელებს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მ.კ.-მ ცოლად მოყვანის მიზნით 23 წლის გოგოს მოტაცება განიზრახა. 2024 წლის 25 მაისს, დაბა მესტიაში, თამარ მეფის ქუჩაზე, მან სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს 2 ინსპექტორის დახმარებით, დაზარალებული ქალი იძულებით ა/მანქანაში ჩასვა და გაიტაცა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, შეტყობინების შემოსვლის შემდეგ გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა“- აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე ცნობით, მოპოვებულ იქნა ფაქტის ამსახველი ვიდეომსალები.

„გამოიკითხნენ მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, მოპოვებული იქნა გატაცების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგაც 2024 წლის 25 მაისს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულ იქნა სასაზღვრო პოლიციის ორივე თანამშრომელი, ხოლო მოქალაქე მ.კ. დაკავებულ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ“- აღნიშნულია განცხადებაში.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას.

მსგავსი თემები