უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც რუს ოფიცრებს და სამხედრო მეთაურებს მიმართავს.
მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობამ რუსი სამხედროები „სიკვდილისთვის გაწირეს“, ხოლო პრეზიდენტი პუტინი „ბუნკერში იმალება და დარტყმას საკუთარ თავზე არ იღებს“.
„თქვენი მედესანტეები ახლა დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე იხოცებიან. ვიღაცამ კრემლში გადაწყვიტა, რომ ისინი სიკვდილზე გაეგზავნა. ხაფანგში გაგიშვეს. თქვენ სისხლით იხდით ვიღაცის ფანტაზიებისა და ცრუ მიზნების გამო. ახლა ისინი არ გისმენენ, რადგან ახლა თქვენი მოსმენა ნიშნავს შეცდომების აღიარებას. მოსკოვს კი სიმართლე არ მოსწონს. მათთვის უფრო ადვილია იმის თქმა, თუ როგორ დაიღუპეთ გმირულად ნატო-ს გამოგონილ ლაშქართან ბრძოლაში“, – აცხადებს რეზნიკოვი.
„ჩვენ სიცოცხლეს, უსაფრთხოებას და სამართლიანობის გარანტიას ვაძლევთ ყველას, ვინც დაუყოვნებლივ უარს იტყვის ბრძოლაზე. თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ იხსნათ რუსეთი ტრაგედიისგან, ხოლო რუსული არმია დამცირებისგან. მაგრამ დრო მიდის. ნუ დაკარგავთ მას“, – აცხადებს რეზნიკოვი.