მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
„ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 მაისს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული ორი პირის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის პროცესზე, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების და ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების შემდეგ, სხდომის დარბაზში ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ისროლა.
აღნიშნულ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით გამოიხატა).
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნო და აღნიშნული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“ – აცხადებენ უწყებაში.