თბილისის დიდუბის რაიონში, ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩაზე, 1804 წელს აგებული სრულიად ამორტიზებული ძველი შენობის ადგილას, უახლესი სტანდარტების ახალი, N100-ე სკოლა გაიხსნა. შენობაში განთავსებულია თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორიები, საკონფერენციო და სპორტული დარბაზები.
როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების სამინისტროში განუცხადეს, სკოლაში 700-მდე მოსწავლეა. თითქმის ორი საუკუნის წინ აგებული საჯარო სკოლის ძველი შენობა სრულიად ატიპიურ ნაგებობას წარმოადგენდა და ვერცერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებდა. საფრთხეების თავიდან ასაცილებლად სკოლის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა მოსწავლეთა რაოდენობა შეემცირებინა.
ახალ შენობას აქვს შეკიდულ-აკუსტიკური ჭერი; ვინილის იატაკი; დამონტაჟებულია BMS სისტემა, რომელიც შენობის უსაფრთხო და ეფექტიან მართვას უზრუნველყოფს; სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორის განგაშის ღილაკი, სენსორული განათება, ელექტრო ფარი, ჰაერის ხარისხის საკონტროლო აპარატურა, გაზის გაჟონვის სენსორი, სასკოლო კარის დეტექტორი.
მათივე ინფორმაციით, არაერთი ექსპერტიზის საფუძველზე 2014 წელს განხორციელებული სკოლის დემონტაჟის შემდეგ ახალი სკოლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 506 000 ლარი დაიხარჯა.