ძველ იპოდრომთან მდებარე ე.წ. ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდება

თბილისის ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული მიწის ფართობი, სადაც წლების წინ ე.წ. ჩოგბურთის კორტები არსებობდა, ქალაქს დაუბრუნდება. ტერიტორიაზე საჩოგბურთო და ფეხბურთის მოედანი მოეწყობა. ასევე, შესაძლებელია სპორტული კომპლექსი აშენდეს. პროექტის განხორციელება მომავალი წლისთვის დაიგეგმება.

როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ქალაქის ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია განაშენიანების მიზნით უცხოურ კომპანიაზე გაიყიდა.

“ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები,რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რაიმე სახის მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, თბილისის მასშტაბით არაერთი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტი ცდილობს, ეს ყველაფერი გამოასწოროს.

„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და სადაც გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს, ეს მოვახერხოთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავაზარალოთ ის ადამიანები, ვისაც მიწის ნაკვეთებში თანხა აქვს გადახდილი. მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ეს იქნება ადგილმონაცვლეობა, გამოსყიდვა თუ რა საშუალებაც არსებობს, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ძალიან რთულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

მსგავსი თემები