მაშველებმა კვარიათში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

კვარიათში, ზღვაში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

კვარიათის ტერიტორიაზე გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ ინფორმაცია, შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში 4 ივნისს შევიდა.

ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე ზღვაში შევიდა, რის შემდეგაც მისი კვალი თანმხლები პირებისთვის დაიკარგა და საჭირო გახდა მაშველების დახმარება.

გაუჩინარების ადგილას სპეციალური მცურავი საშუალებებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ და დაიწყო აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები.

კვარიათისკენ გავიდნენ მყვინთავთა ჯგუფები და საზღვაო-სამაშველო კატარღა. სანაპირო ზოლის მონიტორინგი ცოცხალი ძალით მიმდინარეობდა. საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს აქტიურად გამოყენებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საფრენი საშუალება – დრონი.

რამდენიმე დღიანი უწყვეტი საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად ნაპოვნია მამაკაცის ცხედარი, რომელიც ზღვიდან უკვე ამოსვენებულია და ოჯახის წევრის მხრიდან იდენტიფიცირებულია.

მსგავსი თემები