“ვინც მთვრალი შეყვარებულს უმღერის და ვინც ბაბუის ტოლ კაცს აგინებს იგივენაირად არ უნდა ისჯებოდეს” – დავით ზილფიმიანი

პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე ადმინისტრაციული დაკავების და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის სასამართლოში წარდგენის ვადებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, “ევროპელი სოციალისტების” წევრმა დავით ზილფიმიანმა განაცხადა, რომ ის ვინც წვრილმან ხულიგნობას ჩამდენი, ვინც მთვრალი ხმაურობს, ან შეყვარებულს უმღერის თანაბარი სასჯელით არ უნდა ისჯებოდნენ. 

“მეგობრებო ჩვენ ვიხილავთ წვრილმან ხულიგნობას. როდესაც ეს კანონი დაიწერა, 80-იანი წლებისაა ეს დეფინიცია და ქუჩაში რომ გავდიოდით სხვა სიტუაცია იყო. წვრილმანი ხულიგნობის ჩამონათვაში არც კი მოიაზრებოდა ისეთი ამაზრზენი ქმედებები, რომელიც დღეს არსებობს. წვრილმანი ხულიგნობაა ის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანმა შეიძლება შემთხვევით დალია და ხმაურს იწვევს ქუჩაში ან შეყვარებულს უმღერის და აღვიძებს ვიღაცას. მაგრამ იგივე წვრილმანი ხულიგნობაა ადამიანი აგრესიას რომ გამოხატავს, რომ გაგინებს, გაფურთხებს, თავზე ნაგავს გაყრის, შეურაცხყოფას გაყენებს ხშირად ბაბუის ტოლა კაცს, ანუ ის და ეს ერთნაირად უნდა დაისაჯოს. მე თუ მკითხავთ 500 ლარი რა უბედურებაა იმ ადამიანისთვის, ვინც სიმღერის გამო დაიჭირეს და მეორეს მხრივ, მე თქვენი არ მესმის. მე თქვენ გადანაშაულებთ “ოცნებას”, შესანიშნავი კანონი იყო ასეთ ამბავზე ადეიშვილის მიერ გაწერილი,” – განაცხადა დავით ზილფიმიანმა. 

ამასთან, ზილფიმიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი დეპუტატები გააკრიტიკა, და ხელისუფლების ოპონენტების 6-თვიან ბოიკოტს “შატალო” უწოდა.

“დავიღალეთ რა, ყველგან ჩვენ დავდივართ. სრული შატალოა, 6 თვიანი შატალო არ გამიგია. ახლა შემოვიდნენ, დაიღალნენ, ისევ წავიდნენ, კიდევ ერთი კვირა არ მოვლენ. რა არის ვერ გავიგე?! თუ მუშაობა გვინდა, ვიმუშაოთ, თუ არადა კრიტიკაზე ადვილი რა არის?! მოდი რამე კონსტრუქციული თქვი კაცო,”- განაცხადა ზილფიმიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების პროექტით, კოდექსის 166-ე მუხლს ემატება მე-2 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრება, რომ წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ ამავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.

ამათან, ახალი რედაქციით ყალიბდება, ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ერთხელ დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების ერთხელ ჩადენა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო ამავე ქმედების განმეორებით ჩადენა – სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 3500 ლარიდან 4500 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღიდან 15 დღემდე ვადით.

მსგავსი თემები