„ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, მაგრამ მათ ქმედებებს ექნება შედეგები“ – ჯო ბაიდენი რუსეთზე

  •  

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლის დროს რუსეთზე საუბრის დროს განაცხადა, ამერიკა ესკალაციას არ ეცდება, მაგრამ აგრესიული ქმედებებისთვის, რუსეთს, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, პასუხს მოსთხოვს.

„მე ძალიან ნათელი გავხადე პრეზიდენტ პუტინისთვის, რომ მართალია ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას, მაგრამ მათ ქმედებებს ექნება შედეგები. მე ვუპასუხე პირდაპირ და პროპორციულად რუსეთის ჩარევას ჩვენს არჩევნებში, კიბერ-თავდასხმებს ჩვენს მთავრობასა და ბიზნესზე – მათ ეს ყველაფერი გააკეთეს და მე ვუპასუხე. მაგრამ ჩვენ ასევე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ იმ საკითხებში, რომლებიც ორივე ჩვენგანის ინტერესებშია, ჩვენ გავაგრძელეთ „ახალი სტარტის“ ხელშეკრულება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით და და ვმუშაობთ, რომ იგივე გავაკეთოთ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 28 აპრილს, კონგრესისადმი თავის პირველი მიმართვის დროს.

ოთხშაბათს ჯო ბაიდენმა მისი პრეზიდენტობიდან ასი დღის განმავლობაში მიღწეული შედეგები შეაფასა და სამომავლო პრიორიტეტები განსაზღვრა აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას.

რაც შეეხება სხვა ავტორიტარულ ქვეყნებს, ბაიდენმა ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს ამერიკისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის სერიოზული რისკია. „ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ამ ორივე ქვეყნისგან არსებული საფრთხის გადასალახად, დიპლომატიითა და მკაცრი შეკავებით“, – თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თანახმად, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ავტოკრატებს დაუმტკიცებენ, რომ დემოკრატია ცოცხალია და მუშაობს.

მსგავსი თემები