ვაქცინაციის შემდგომ გარდაცვლილი ექთნის სიკვდილის მიზეზი შესაძლოა, ფეხმძიმობის საწინააღმდეგო აბები იყოს

ახალციხეში, კორონავირუსით გარდაცვლილი ექთნის სიკვდილის მიზეზების დადგენა ისევ გრძელდება. როგორ გარდაცვლილის ოჯახის ინტერესების დამცველი აცხადებს, გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად  ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებაც განიხილება.

როგორც ადვოკატმა ვახტანგ ბარამაშვილმა „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, ოჯახისთვის აღნიშნული მიზეზი გაუგებარია.

„საქმის მასალებში ჩანს, რომ აფთიაქებში მიდიან გამომძიებლები და და კითხულობენ, მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შემოსული. აფთიაქში პასუხობენ, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ. გადმოცემულ საქმის მასალებში არანაირი მინიშნება ან მტკიცებულება არ არსებობს, რომ შესაძლოა მეგი ბაქრაძე ამ აბებს იყენებდა,“ – აცხადებს ადვოკატი.

მისივე განმარტებით, სამართალდამცველებმა აფთიაქში ერთი კონკრეტული მედიკამენტი იკითხეს.

„აფთიაქებში მათ ერთ კონკრეტულ მედიკამენტზე გაამახვილეს ყურადღება და სწორედ ის იკითხეს. ვერაფერს გეტყვით, ჩვენ  ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და არ ვიცით, სისხლში ამ მედიკამენტის შემადგენლობა დაფიქსირდა თუ არა. ერთადერთი ვერსია, რაც ოჯახს აქვს, არის ის, რომ რამდენიმე დღით ადრე, მას რაღაც კვლევა ჩაუტარდა კლინიკაში, შემდგომ მისცეს აბი, რომელიც მან მიიღო. გამოძიება ორსულობის საწინააღმდეგო აბებზე როგორ მივიდა ვერ გეტყვით და გაუგებარია“ – განმარტავს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, ექთანი მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდგომი გართულებებით გარდაიცვალა.

მსგავსი თემები