„ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მაქვს, ვაგრძელებ მკურნალობას, პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის სრულად არ გამოჯანმრთელებულა და ამ დრომდე მკურნალობს, თუმცა, მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან მიდის.

„ვარ „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, პარალელურად დედაქალაქის მერი. ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას და იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დამაკისრა თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ. რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, ამასთან დაკავშირებით გითხარით ჩემი პოზიცია, რომ მოგვიანებით ყველაფერი იქნება ცნობილი თქვენთვის, საზოგადოებისთვის.

მიზანმიმართულად ავრცელებთ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, პოლიტიკიდან მივდივარ. ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქოს მოვიგონე და ეს უნდა გამოვიყენო, რომ პოლიტიკიდან წავიდე. ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ჯანმრთელობის მხრივ მაქვს პრობლემები და ვაგრძელებ მკურნალობას, მაგრამ ჯერ პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი თემები