“ლელოს” ლიდერები ევროპარლამენტარებს ნიკა მელიას თავდებობას სთავაზობენ

“ლელოს” განცხადებით, პარტიის ლიდერები  მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე მუშაობენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღკვეთის ღონისძიება.

“მეორე დღეა, “ლელოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და გრიგოლ გეგელია ბრიუსელში, სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად, ინტენსიურად მუშაობენ ნიკა მელიას საპატიმროდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების თემაზე.

ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც “ლელოს” ლიდერებმა ევროპარლამენტარებს შესთავაზეს, არის, რომ ევროპელი პარლამენტარები თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას, რათა დაუყონებლივ შეიცვალოს მისი აღმკვეთი ღონისძიება და მელია იქნას გათავისუფლებული, რაც კრიზისის დროული განმუხტვის აუცილებელი წინაპირობა იქნება. 

“ლელოს” ეს ინიციატივა ინტენსიურად განიხილება ბრიუსელში. სამუშაო შეხვედრებზე განხილული ეს წინადადება ევროპარლამენტარების მხრიდან დადებითად იქნა მიღებული. შესაბამისად, ევროპელი პარლამენტარები მზად არიან ჩაერთონ ამ ინიციატივაში და თავდებში დაუდგნენ ნიკა მელიას. ასევე, “ლელოც” მზად არის შეურთდეს ევროპარლამენტარების თავდებობას.

იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ასევე დადებითად მიიღებს საქართველოს ხელისუფლება და დროულ რეაგირებას მოახდენენ შესაბამისი უწყებები, ვისაც გააჩნია საკითხის გადაწყვეტის უფლებამოსილება.

“ლელო” იმედოვნებს, რომ ჩვენი ეს ინიციატივა იქნება არსებული დაძაბული პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის მიმართულებით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და გრიგოლ გეგელიას ბრიუსელში ორდღიანი დატვირთული შეხვედრებისას განიხილება არაერთი ახალი შესაძლებლობა. 

ევროპაში ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა, რომ შეიქმნება ევროპელი დეპუტატების მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 5 პუნქტიანი ხელშეკრულების აღსრულებას დეტალურ მონიტორინგს გაუწევს. ევროპარლამენტარების მონიტორინგის ჯგუფი კონტროლს გაუწევს, რომ შესრულდეს დოკუმენტის პუნქტები, რომელიც შარლ მიშელის მედიაციით შეიქმნა.  

ამავე ვიზიტის დროს, ბრიუსელში გახმოვანდა უმნიშვნელოვანესი ახალი ინიციატივა, შემოღებულ იქნას საგზაო რუკა ევროკავშირის წევრობისთვის ისეთივე, როგორც არსებობს ნატოს შემთხვევაში. ეს იქნება წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი და ის გულისხმობს შუალედურ სტატუსს ევროკავშირის წევრობისთვის, რომელიც შესაძლებელია მიენიჭოს საქართველოს,”-ნათქვამია “ლელოს” გავრცელებულ განცხადებაში. 

მსგავსი თემები