,,დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ინფორმაციაზე“- არასამთავრობო ორგანიზაციები

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის, დაკავებასა და  შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებით ორგანიზაციები შესაბამისს უწყებებს მოუწოდებენ – სოსო გოგაშვილის ფიზიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას, მის მიმართ მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტით წარმართვას და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გამოძიებას.

„აღსანიშნავია, რომ სოსო გოგაშვილის სახელს უკავშირდება წარსულში არაერთი სისტემური დანაშაული თუ კონკრეტული მოქალაქეების უფლებების უხეში დარღვევა. აღნიშნულ ფაქტებს ჭირდება ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, თუმცა ამავდროულად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია გოგაშვილის, როგორც მამხილებლის უფლებების დაცვა და მისი უსაფრთხოების გარანტირება. სოსო გოგაშვილმა დაკავების შემდეგ დააანონსა, მის მიერ სისტემური დანაშაულების მხილება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გოგაშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ანგარიში გამოაქვეყნეს. ანგარიში შეიცავს ინფორმაციას 2018 და 2020 წლის არჩევნებზე, მმართველი პარტიის მიერ, და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსის მასშტაბური გამოყენების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, უკანონო მობილიზებისა და პერსონალური ინფორმაციის შეგროვების შესახებ. ასევე, გოგაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილისგან უკანონო დავალებების მიღების, აფგან მუხთარლის გატაცებასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკისთვის გადაცემაში უსაფრთხოების სასამხურის ჩართულობის, მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ უმძიმესი დანაშაულების შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს – აიღოს სრული პასუხისმგებლობა პენიტენციურ სისტემაში სოსო გოგაშვილის სიცოცხლისა და ფიზიკურ უსაფრთხოების დაცვაზე.

სასამართლოს – სოსო გოგაშვილის მიმართ მართლმსაჯულება განახორციელოს ისე, რომ არ დარჩეს კითხვები მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე.

საქართველოს გენერალურ პროკურატურას – დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება გოგაშვილის მიერ გავრცელებულ დანაშაულის ნიშნების შემცველ ყველა ფაქტსა და ინფორმაციაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებას ხელს 11 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.

მსგავსი თემები