“თუკი მოვლენ​ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ – ჩვენი შეშინება გამორიცხულია” – ნიკა მელია

თუკი მოვლენ​ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების მობილიზებას.

„თუკი მოვლენ “რობოკოპები”, როგორც მოვლენ, ისე წავლენ, როგორც სამსახურში გამოცხადდნენ დღეს, ისე გაიხდიან აღჭურვილობას და დაუბრუნდებიან სახლებს წყნარად. ხვალ ისევ გამოცხადდებიან, ზეგ ისევ წავლენ და ერთ მშვენიერ დღეს ბევრი მათგანი სამსახურსაც დაანებებს თავს, რომელიც ერთი კაცის სამსახურია და არა ქვეყნის სამსახური. ისინი თავისუფლების იდეაზე ვერ გაიმარჯვებენ, რაც არ უნდა კადრებში ფარები და აღჭურვილობა გამოაჩინონ.

ჩვენ არ ვხუმრობთ. ციხით ვერავის ვერასოდეს შეაშინებ, როდესაც ის ადამიანი, ვისაც დაჭერას უპირებ, მართალია. ჩვენი შეშინება გამორიცხულია. ზუსტად ვიცით, რომ ბედნიერებაა ვიყოთ იქ, სადაც ვართ“,-აღნიშნა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შინაგან სამინისტროს გადაუდებელ დავალებათა დეპარტამენტის მესამე განყოფილების ბაზა მდებარეობს, სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.

მსგავსი თემები