„ასე დაგვაშორა ამ კორონამ“ – პანდემიის გამო თბილისიდან სამეგრელოში „გადაბარგებული“ ტყუპები

გიორგი და დავით მაისურაძეები 12 წლის ტყუპები არიან. „კოვიდ პანდემიის“ გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მათ მოუწიათ თბილისის დატოვება და სამეგრელოში, ბებოსთან გადასახლება. როგორია ტყუპების ყოველდღიურ ცხოვრება დიდი ქალაქიდან პატარა ქალაქში, როგორ ჩაერთვნენ „სოფლის ფერხულში“, როგორ შრომობენ და აგრძელებენ ცხოვრებას „მედიაცენტრი მთავარის“ რეპორტაჟიდან შეიტყობთ.

გიორგი მაისურაძე: „თბილისში კერძო სკოლაში ვსწავლობდით. ძალიან მომწონდა ჩემი სკოლა, ჩემი კლასელები, მეგობრები, წრეებზე დავდიოდი. ფიგურულ სრიალზე, „საერთაშორისო სახლში,“ ცურვაზე, მაგრამ კორონას გამო შეწყდა ეს ყველაფერი და მოგვიწია სახლში ყოფნა. „ონლაინ“ გაკვეთილებიც საერთოდ არ მომწონდა, მთელი დღე კომპიუტერთან მიწევდა ყოფნა.“

დავით მაისურაძე: „სოფელი ძალიან მომწონდა ყოველთვის, ზაფხულობით რომ ჩამოვდიოდი, დედას ვეხვეწებოდი, რომ აქ დავეტოვებინე და სკოლაშიც აქ მინდოდა სიარული. მომწონს სოფლის რაღაც-რუღაცეები, ეზოში სირბილი, მუშაობა, მიწის დაბარვა, სოფელში სულ აქტიურობაა, სულ საქმეა და მომწონდა აქ. ბევრი რამე ვისწავლეთ “…

პანდემიისა და „ინტერნეტ გაკვეთილებს“ მიჯაჭვულ ტყუპებს, არაერთი პრობლემა შეექმნათ, იგივე, ჯანმრთელობის, კერძოდ კი სიმსუქნის კუთხით. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა გარკვეული გადაწყვეტილების მიღება. ექიმებთან თუ განათლების საკითხების ექსპერტებთან გარკვეული კონსულტაციების გავლის შემდეგ, ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო,  ბავშვები თბილისიდან სამეგრელოში გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

„დედამ სენაკში ნახა კერძო სკოლა, სადაც ბავშვები ჩვეულებრივ დადიოდნენ გაკვეთილებზე. ჩამოვედით, შევხვდით მასწავლებლებს, დავათვალიერეთ სკოლა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აქ დავრჩენილიყავით. დედა რადგან ვერ გადმოვიდოდა თბილისიდან, ჩვენ ბებოსთან უნდა დავრჩენილიყავით. ასე ვართ დღემდე აქ. კლასი ძალიან მოგვწონს, მასწავლებლებიც. ისეთი კარგი სკოლა არ არის ვიზუალურად, როგორც  „მთიები,“  მაგრამ სოფელში გვირჩევნია“, – გვიყვება გიორგი.

დათო კი ამბობს, რომ ძალიან უჭირს იმის გამო რომ მეგობრებს ვერ ხედავს.

დავით მაისურაძე: „აქ ძალიან კარგია, მაგრამ, ძმაკაცებს ვერ ვხედავთ, მეგობრები მენატრება. დედაც ძალიან გვენატრება, შაბათ-კვირას ჩამოდის ხოლმე. ასე დაგვაშორა ამ კორონამ. დედა დამპირდა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე მეგობრებს ჩამომიყვანდა, მაგრამ კორონას გამო ყველას ეშინია და ვერ ჩამოდიან ჩემი ძმაკაცები“.

როგორია ბიჭების ყოველდღიურობა, ამის შესახებ ტყუპები თავად ყვებიან:

გიორგი: „ახლა ციტრუსის სეზონი გვაქვს. ეზოში მანდარინი, ლიმონი, ფეიხო და კივი გვაქვს და ბებოს კრეფაში ვეხმარებით მე და დათო“.

დათო:  დილით ჩვეულებრივ, სკოლაში დავდივართ, რომ მოვალთ ვმეცადინეობთ, მერე გიტარის მასწავლებელი მოდის, გიტარაზე დაკვრას ვსწავლობთ. როცა თავისუფალი დრო გვაქვს, დედამ კედლის საღებავები ჩამოგვიტანა და კედლის ფასადებს ვხატავთ. მე ძალიან მიყვარს ხატვა და კარგადაც გამომდის. ბებო არ გვახატინებდა, გააფუჭებთო, მაგრამ, ერთ დღეს, დედა როცა ჩამოვიდა, ბებო „შვებულებაში“ გავუშვით თავის სოფელში და დედამ გვითხრა დავიწყოთ მოხატვაო და მოვხატეთ ქვედა სართულის ფასადი. ბებო რომ ჩამოვიდა, ისე მოეწონა, არაფერი უთქვამს.“

გიორგი: ეზოში მუშაობაც გვიყვარს. მაგალითად, ხეებს ვასუფთავებთ ფიჩხებისგან, ამ ტოტებს ვაგროვებთ, შეშას ვჩეხავთ, ბუხარს ვანთებთ, წვადებსაც ვწვავთ ხოლმე. რთველიც გვქონდა, ბებოს ყურძნის დაკრეფაში დავეხმარეთ, წვენი დავწურეთ და მარანში გვაქვს ნატურალური წვენი. დედა რომ ჩამოდის თბილისიდან ვატანთ ჩვენს ნაშრომს. დღეს მანდარინი და ლიმონი დავკრიფეთ და ამასაც გავატანთ დედას“.

არ ამოჭრათ – ქალბატონო მოსამართლე შორენა….

გიორგი: თბილის მოგვენატრა, მაგრამ დედა გვეუბნება, ვერსად გატარებთ, ვერ გაერთობით ამ პანდემიის გამოო. თბილისში უფრო საშიშიაო და ამიტომ აქ უკეთესიაო. სანამ სენაკში გადმოვიდოდით საცხოვრებლად, დედამ თავის მეგობრებს დაურეკა, აი, პაატა იმნაძე რომ არის სულ ტელევიზორში რომ ჩანს და ჰკითხა როგორ მოვიქცეო და უთხრა წაიყვანეო, ერთი წელი მაინცო. კიდევ თავის მეგობარი რომ არის ექიმი ვანიკო  ჩხაიძე, მასაც ჰკითხა და იგივე ურჩია. აქ კარგია, მაგრამ დედა და მეგობრები გვენატრება“.

გიორგი: დათოს ხელსაქმე ეხერხება, ხელოვანი ბავშვია. დედას მასალები ჩამოაქვს და ლამაზ-ლამაზ რაღაცეებს აკეთებს. ხატვის გარდა ქმნის ლამაზ რაღაცეებს. ძალიან მომენატრა ჩემი ნათლული ბაბიკო, რომელიც დედას უნდა ჩამოეყვანა, მაგრამ კორონას გამო, არ გამოუშვეს. ჩემი კლასელები ყველა მენატრება. გიორგი შენგელიაც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ დედა ყავს მოსამართლე მაგას და კორონას გამო არ გამოუშვა ბავშვი. ახლა რასაც გეტყვით ეს ჩაწერეთ, არ ამოჭრათ – ქალბატონო მოსამართლე შორენა (ჯანხოთელი), ჩამობრძანდით და ჩამომიყვანეთ „შენგე“.   

„გვინდა, რომ ძმაკაცებიც აქ გვყავდეს“

დათო: „იცით რა მინდა, ჩემი ყველა ძმაკაცი აქ ერთად შევკრიბოთ. აქ შრომასაც ვასწავლიდი, ერთად გავაკეთებდით ყველაფერს, მთელი დღე ერთად ვიმუშავებდით და მერე ბუხარში წვადებსაც შევწვავდით. ოხ, როგორ კარგად გავერთობოდით. ახლა, არდადეგები რომ დაიწყება, მინდა, რამდენიმე ძმაკაცი მაინც ჩამოვიდეს. მგონი გამოვა. ჩემი ოცნებაა, სამომავლოდ, პატარა სახელოსნო ან სტუდია მქონდეს და ჩემი ნამუშევრები გავყიდო. ჩემი პატარა ბიზნესი რომ მქონდეს “.

გიორგი: აქ კარგია, სკოლაში დავდივართ, ბავშვებს ვხვდებით, მასწავლებლებს ვხვდებით, ის ინტერნეტ გაკვეთილები არ მომწონს და მეძინება კომპიუტერთან. როცა კარგი ამინდია სულ ეზოში ვართ, ხან ვთამაშობთ, ხან ვშრომობთ, ხან ვხატავთ. მინდა, რომ ეს კორონა მალე დასრულდეს და ისევ ერთად შევიკრიბოთ ოჯახი და მეგობრები“.   

მსგავსი თემები