რა შეზღუდვები იმოქმედებს 28 ნოემბრიდან – საქართველოს მთავრობის პასუხები მოქალაქეებს

საქართველოს მთავრობა იმ შეზღუდვებს აკონკრეტებს, რომელიც 28  ნოემბრიდან ამოქმედდება:

„28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 31 იანვრამდე, იზღუდება მგზავრთა რეგულარული გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით, ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით), ასევე რკინიგზით.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი იმუშავებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით.

კერძო კომპანიას თანამშრომელთა საქალაქთაშორისო ტრანსპორტირება პერიოდულად შეუძლია განახორციელოს.

მსუბუქი ავტომობილით ან ტაქსით საქალაქთაშორისო გადაადგილება დასაშვებია სპეციალური ნებართვის გარეშე.

ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ზუგდიდის, ქ. ფოთის, ქ. თელავის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა სრულად შეჩერებულია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე, ასევე 3 იანვრიდან 16 იანვრამდე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის 21:00-დან, 1 იანვრის 05:00 საათამდე და შობის ღამე – 6 იანვრის 21:00 საათიდან, 7 იანვრის 05:00 საათამდე, რა დროსაც გადაადგილება არ იქნება შეზღუდული.

მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება.

დიდ ქალაქებში დაწესებული შეზღუდვები ვრცელდება თუ არა სოფლებზე და მომიჯნავე დაბა/დასახლებებზე?

მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს გადაადგილების შეზღუდვა 21:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა, კვების ობიექტების, ფიტნესკლუბების და აუზების საქმიანობის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

დიდ ქალაქებში დაწესებული სხვა შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ აღნიშნული ქალაქების საზღვრებში.

9 ნოემბრიდან გაცემული ნებართვები კვლავ ძალაშია.

რეკომენდებულია 70 წელს გადაცილებულმა პირებმა თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

ეკონომიკური საქმიანობა

რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით მთლიანად გადადიან მიტანის/გატანის სერვისზე. დასაშვებია:

პროდუქტის გატანა – ე.წ. takeaway

მიტანის სერვისი – ე.წ. „დელივერი“

ავტომობილით გატანა – ე.წ. „დრაივი“

ყველა სავაჭრო ობიექტი ფუნქციონირებს მხოლოდ დისტანციურად – ადგილზე მიტანის/ადგილიდან გატანის სერვისით, მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე.

ეს შეზღუდვა არ ეხება:

სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას;

ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას;

სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციას;

პრესის ჯიხურებს.

სავაჭრო ობიექტების მუშაობა მთელი იზღუდება მხოლოდ ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში.

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის და სათხილამურო კურორტების (ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია) საზღვრებში ყველა ტიპის ღია და დახურული ბაზრები/ბაზრობები გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

აგრარული ბაზრები/ბაზრობები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

ფიტნესდარბაზებისა და საცურაო აუზების ფუნქციონირება ჩერდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები აგრძელებენ ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვით.

ე.წ. „დელივერი სერვისი“ დასაშვებია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საკურიერო მომსახურების განსახორციელებლად გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ნებართვის არსებობის შემთხვევაში.

ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სავალუტო ჯიხურების ფუნქციონირება არ იზღუდება.

ქ. თბილისის, ქ. თელავის, ქ. ბათუმის, ქ. ქუთაისის, ქ. რუსთავის, ქ. გორის, ქ. ფოთის, ქ. ზუგდიდის საზღვრებში სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (სამედიცინო პროგრამების გარდა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა სახის კონფერენციის, ტრეინინგის ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით.

კულტურული და სპორტული ღონისძიებების ჩატარება დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ფორმატით. გასართობი ღონისძიებების ჩატარება იზღუდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სახელოვნებო, სპორტული წრეები და სტუდიები აჩერებენ მუშაობას ქვეყნის მასშტაბით.

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძისა და მესტიაში იკრძალება 21:00 სთ -დან 05:00 სთ-მდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

აღნიშნულ კურორტებზე სასტუმროები ფუნქციონირებენ მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოწყობისთვის.

იზღუდება სათხილამურო ტრასების და საბაგიროების ფუნქციონირება. არ ფუნქციონირებენ კვების ობიექტები, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები