“პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ქვეყანაში, რასაც ხელს უწყობს პირველ რიგში, სუსტი, დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა” – გიორგი გახარია

პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ამ ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს პირველ რიგში, ძალზედ სუსტი, დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა, სამწუხაროდ, ასეა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, რომ შეწყალების აქტზე ორი მოსაზრება ჩნდება – ერთი მხრივ, თითქოს ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ არასწორად იყვნენ დაკავებული, მეორე მხრივ, შეიძლება მიუთითებდეს, რომ დასავლეთში თუ მეგობრები გყავს, ეს ინდულგენციაა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს ხშირად ნიღბების ცვლილება და ეს უნდა დამარცხდეს.

„ერთი რამ უნდა იცოდეთ, სამწუხაროდ, ჩვენ პოლიტიკურ პროცესს ახასიათებს და ეს უნდა დავამარცხოთ, ხშირად ნიღბების ცვლილება – მაგალითად, ტელევიზია, როგორც ბიზნესინტერესების თავდაცვის ინსტრუმენტი, დეპუტატობა, როგორც რაღაც სხვა სფეროში თავდაცვის საშუალება, ჟურნალისტობა, როგორც იმუნიტეტის მიღება, რათა რაღაც კანონსაწინააღმდეგო დარღვევებისგან დაცული იყო, ისევე, როგორც ხშირ შემთხვევაში მაგალითად, ბიზნესდანაშაულის, კანონდარღვევისა და რაღაც გადაცდომების დაცვის ინსტრუმენტად ასევე პოლიტიკოსების ან პარტიული ნიღბების მოშველიება. სამწუხაროდ, ეს მიუთითებს პოლიტიკური გარემოს არასრულფასოვნებაზე. პოლიტიკა, როგორც პროფესია, საკმაოდ ნელა ვითარდება ამ ქვეყანაში და ამას ხელს უწყობს პირველ რიგში, ძალზედ სუსტი და დაბალი ავტორიტეტის პარტიული სისტემა. სამწუხაროდ, ასეა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემამ თავისი გადაწყვეტილება ამ ადამიანებთან დაკავშირებით გამოიტანა და ეს არის უზენაესი გადაწყვეტილება.

„როგორც ჩანს, გააზრებული იყო, რომ ეს გამოყენებული იქნებოდა არჩევნებამდე ნორმალური პოლიტიკური პროცესის დასანგრევად, მისი პოლარიზაციის ხარისხის გასაზრდელად. ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა მივიყვანოთ არჩევნებამდე მშვიდ, წყნარ გარემოში და ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო ღია და გამჭვირვალე არჩევნები ამ ქვეყანაში, ეს ხომ ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები