„ახალი კანონის პროექტის მიზანია ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა“ – რომან კაკულია

 „ახალი კანონის პროექტის მიზანია ისეთი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იქნება რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლიანად დაცვის გარანტიები,“ – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ განაცხადა.

საქართველოს კანონის პროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ წარადგინა.

„გადახდისუუნარობის არსებული სისტემა, შეიცავს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ სისუსტეებს და ეს არაერთმა კვლევამ აჩვენა. პარლამენტში ინიცირებული ახალი კანონპროექტი „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ცდილობს, სწორედ, ამ სისუსტეების და ხარვეზების აღმოფხვრას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად აჭიანურებს გადახდისუუნარობის პროცესის მიმდინარეობას.  

კანონპროექტი ითვალისწინებს  რეაბილიტაციის წამახალისებელი მექანიზმების შემოღებას, კრედიტორის ინტერესების მეტი დაცვის უნზრუნველყოფას, საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს როლის გაზრდას, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ახალი პროფესიის შემოღებას, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ახლებურად წესრიგდება კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა გაკოტრების შემთხვევაში.

ამ რეფორმას არაერთი მიმართულებით ექნება დადებითი ეკონომიკური გავლენა. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანი კანონპროექტია,“ – აღნიშნა კაკულიამ.

როგორც აღნისნეს, ახალი კანონის პროექტის  მიზანია იმგვარი სამართლებრივი გარემოს შექმნა, რომელშიც იარსებებს რეაბილიტაციის წამახალისებელი ეფექტიანი მექანიზმები და ყველა კრედიტორის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების მაქსიმალურად ეფექტიანად და სამართლიანად დაცვის გარანტიები. გარდა ამისა, კანონპროექტის მიზანია სასამართლოსთვის დროული მიმართვიანობის წახალისება, ვინაიდან კომპანიის ფინანსური კრიზისის საწყის ეტაპზე კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენების შემთხვევაში რეაბილიტაციის ალბათობა ბევრად მაღალია.

მსგავსი თემები