თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში, ასევე სამედიცინო პერსონალის აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, თავდაპირველად ის გორში დაიწყო.

როგორცჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დაწყებულია ასევე მედპერსონალის ტესტირებაც. რაც შეეხება, შემდეგ სამიზნე ჯგუფს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის ჩამოვა ტესტების შემდეგი პარტია საქართველოში. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო ინფექციაზე ტესტირება ჯარისკაცებს ადგილზევე ჩაუტარდებათ და მათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ.

რაც შეეხება კითხვას, როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება, სამინისტროში ჯერჯერობით ამის ზუსტი დრო არ იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის COVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. დოკუმენტის მიხედვით ცნობილი გახდა საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს ჯგუფები არიან: პენიტენციურ დაწესებულებებში, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში, სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები, თავდაცვის ძალები და საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

მსგავსი თემები