ერეკლე კუხიანიძეს თბილისის საკრებულოში თანამდებობა დაატოვებინეს

თბილისის საკრებულომ, კენჭისყრის შედეგად, დეპუტატ ერეკლე კუხიანიძეს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინა. მიზეზი ოკუპირებულ ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებაა.

ამასთან, კუხიანიძეს საკრებულოს უმრავლესობამ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრობა ოფიციალურად დაატოვებინა.

კუხიანიძე სხდომაზე ქალიშვილთან, მარიამ კუხიანიძესთან ერთად მივიდა და დარბაზი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მალევე დატოვა. ამის შემდეგ კი მედიასთან განაცხადა, რომ მანდატის დატოვებას არ აპირებს, რაც შეეხება საკრებულოს გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ეს ძალიან მძიმეა.

„ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩემთვის ეს არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა. ვფიქრობ, მეგობრები უნდა დავიცვათ ზოგადად, მაგრამ მათ არ განვსჯი. ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩემი მეგობრები, ყოფილი თანაგუნდელები როგორც მოიქცნენ, ისე მოიქცნენ. მანდატს არ დავტოვებ, რადგან ვარ ხალხის მიერ არჩეული, მაქვს ჩემი საქმე, ბევრი რაღაც არის ჯერ კიდევ გასაკეთებელი. ამიტომ, მჭირდება ტრიბუნა, მჭირდება ისეთი გარემო, რომ საქმე ვაკეთო“, – განაცხადა კუხიანიძემ.

ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა.

მსგავსი თემები