სწრაფი ცვლილება გარე სამყაროსთან, ჩაკეტილობა, ინტერესის გაქრობა ყველაფრის მიმართ, მეგობრების ჩამოშორება, ინტერნეტ სივრცეში დიდი დროის გატარება, მობილურ ტელეფონთან მიჯაჭვულობა – თუ ამ სიმპტომებს თქვენს შვილს შეამჩნევთ, დროა განგაში ატეხოთ, თქვენი შვილი “ლურჯი ვეშაპის” მორიგი მსხვერპლია.
მშობელი, რომლის 13 წლის შვილმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ამტკიცებს, რომ მისი შვილი ინტერნეტ თამაშის – “ლურჯი ვეშაპის” მსხვერპლია. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, მისმა შვილმა თავი, 29 აგვისტოს მოიკლა, ეს ის დროა, როცა ბავშვი ყველაზე მოწყვლადია. სწორედ ამიტომაა, რომ ბავშვების თვითმკვლელობა განსაკუთრებით აგტვისტო-სექტემბერში იმატებს.
“ინტერნეტ თამაშის, მენტორები ყველაზე უფრო აქტიურდებიან ზაფხულის განმავლობაში. 29 აგვისტოს მოიკლა ჩემმა შვილმა თავი. ყველას ვაფრთხილებ, რომ ზაფხულის დროს, ბავშვი ყველაზე მოწყვლადია იმ თვალსაზრისით, რომ მას აქვს ბევრი დრო გაატაროს ონლაინ. თქვენ თუ დააკვირდებით დინამიკას, აგვისტო-სექტემბერში ძალიან ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა, თითქმის კვირა არ გადის, რომ ჩვენ არ მოვისმინოთ ვერსია, რომ ბავშვმა მოიკლა თავი სხვადასხვა გზებით,” – აღნიშნა შვილმკვდარმა მშობელმა “მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.
მისი თქმით, “ლურჯი ვეშაპის” ერთ-ერთი დავალება სხეულის თვითდაზიანებაა, რომელიც გოგოს და ბიჭის შემთხვევაში სხვადასხვაა. მისი თქმით, გოგოების შემთხვევაში, ხელებზე ხდება თვითდაზიანება, ხოლო ბიჭების შემთხვევაში ფეხებზე.
“ლურჯი ვეშაპის” ერთ-ერთი დავალებაა თვითდაზიანება. გოგონები ხელებზე იყენებენ დაზიანებას და სწორედ ამიტომ, ძალიან ხშირად იცვლიან ტანისამოსის სტილს, უფრო დახურულ ტანისამოსს ატარებენ, ეს ნაკაწრები რომ არ გამოჩნდეს, ხოლო ბიჭების შემთხვევაში თვითდაზიანებები უფრო ფეხზეა,” – გვეუბნება რესპონდენტი.
მისივე ინფორმაციით, “ლურჯ ვეშაპს” ცალკე ვებ-გვერდი არ გააჩნია. თამაშის მენტორები კი, იყენებენ სხვადასხვა სოციალურ მედიას, როგორიც “ფეისბუკი” და “ინსტაგრამია”. სოციალურ ქსელებში, ისინი ქმნიან გასაიდუმლოებულ ჯგუფებს და “ჰეშთეგის” მეშვეობით ეძებენ და რთავენ ბავშვებს თამაშში.
“ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც არ სჯერა ლურჯი ვეშაპის არსებობის. თქვენ, რომ შეხვიდეთ ნებისმიერი ტელეფონით აპლიკაციას ვერ ჩამოტვირთავთ. არ არსებობს “ლურჯი ვეშაპის” აპლიკაცია. არ არსებობს ვებ-გვერდი, სადაც შეხვალთ და დარეგისტრირდებით. ძალიან ბევრი მშობელი ამბობს, რომ ესაა გამოგონილი ურბანული მითი და ჩვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. ბევრი მშობელი ამბობს იმასაც, რომ შევედი და შევამოწმე ჩემი შვილის “ფეისბუქი” და “ინსტაგრამი” და იქ არაფერი სახიფათო არ იყო. მეც ვამოწმებდი, სახიფათო არაფერი იყო. ბავშვები ალტერნატიულ გვერდებს ქმნიან. ესე მარტივი არაა ამის თვალყურის დევნება,” – უყვება რესპონდენტი „მედიაცენტრ მთავარს.“
როგორც გარდაცვლილი გოგონას მშობელი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას ამბობს, მას 100- ზე მეტი ადამიანი დაუკავშირდა, რომლიდანაც 30-მდე ბავშვის მიმართ გაჩნდა ეჭვი, რომ „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობდა.
მშობელი, საპრევენციოდ, სხვა მშობლებს რეკომენდაციებსაც აძლევს: „თუკი საფუძვლიანი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ ბავშვი ჩართულია სასიკვდილო ინტერნეტ თამაშში, დაუყონებლივ ჩამოართვით ტელეფონი; შეუზღუდეთ წვდომა კომპიუტერთან, რათა იქედან არ მოახდინოს დაკავშირება; შეამოწმეთ სხეული, თვითდაზიანებების იდენტიფიცირების მიზნით; აუხსენით ბავშვს რომ არაფრის არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას და მის ახლობლებს ვერავინ ვერაფერს ვერ დაუშავებს; თუკი ბავშვი ძალიან დაშინებულია დაგეგმეთ ვიზიტი ფსიქოლიგთან; ჩაეხუტეთ და უთხარით რომ ძალიან გიყვართ, უთხარით, რომ უამრავი ბავშვი ანებებს თავს თამაშს და ბედნიერად განაგრძობს ცხოვრებას.”
რესპონდენტი ბავშვებსაც მიმართავს და მოუწოდებს არ შეშინდნენ: „თქვენ გგონიათ ამ ადამიანებმა ძალიან ბევრი ინფორმაცია იციან თქვენ შესახებ. ისინი მუდმივად გესაუბრებიან იმაზე, რომ იციან სად ცხოვრობთ, რომელ სკოლაში დადიხართ, რა ჰქვიათ თქვენს მშობლებს, რა ჰქვიათ თქვენს თანაკლასელებს. ეს ყველა დეტალი თქვენ მიაწოდეთ თავის დროზე, იმიტომ რომ ღამე გიკავშირდებიან და გთხოვენ რაღაც შეკითხვებზე პასუხი გასცეთ. ნუ გეშინიათ, მე საქართველოში ვიცი მინიმუმ 20 ბავშვი, რომლებიც თამაშობდნენ “ლურჯ ვეშაპს”, მაგრამ მივიდნენ თავის მშობლებთან უთხრეს. გაწყვიტეს კავშირი თამაშთან და დღეს, ჩვეულებრივად აგრძელებენ ცხოვრებას. თქვენ ეს საშინელება ძალიან მარტივად შეგიძლიათ ერთი “დისქონექთ” ღილაკზე დაჭერით დაასრულოთ.”
აღნიშნულ თემაზე, გარდაცვლილი გოგონას მშობელი, დღეს, 11:00 საათზე “მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრებს.
მარიამ გელაშვილი