საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი“- აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და შეცდომაში შეჰყავთ ისინი.

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სხვადასხვა სუბიექტი მოქალაქეებს სთავაზობს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მომსახურებას და მათ შორის, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, რომ თითქოს საკონსულო აღრიცხვაზე გამარტივებული დადგომა შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო მომსახურების პორტალის გვერდის ავლით. არასწორი ინფორმაცია ვრცელდება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ვადების შესახებაც.  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ვაცხადებთ, რომ, საარჩევნო მიზნებისთვის, მათ შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა. აღნიშნული სუბიექტების მიერ მსგავსი სახის მომსახურების გაწევისას ვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები, მათ შორის, ხშირია შემთხვევები, როდესაც მომსახურების სტატისტიკის გაზრდის მიზნით, მსგავსი სუბიექტები აგზავნიან ერთი და იგივე პირის მონაცემებს. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც რიგი მათგანი არაკეთილსინდისიერი მიზნებისთვის იყენებს თანამემამულეთა პირად მონაცემს“- აღნიშნულია განცხადებაში.

უწყებაში  თანამემამულეებს მოუწოდებენ, რომ საკონსულო აღრიცხვისთვის მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდით ისარგებლონ.

„მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების და მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის მიზნით, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს მოვუწოდებთ და კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა გამარტივებული ფორმით შესაძლებელია მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდის www.geoconsul.gov.ge-ს მეშვეობით, 2024 წლის 7 ოქტომბრამდე. გამარტივებული ფორმით განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, ვებ-გვერდი ავტომატურად აგზავნის განცხადების რეგისტრაციის შესახებ შეტყობინებას, განმცხადებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების თაობაზე, განმცხადებელს დამატებით ეცნობება, იმავე ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რაც მას აძლევს საშუალებას თავად აკონტროლოს სრული პროცესი“- აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები