,,ნარკოტიკების მოხმარების შედეგად არიან ორივე დაღუპული” – ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ოთარ ცინდელიანის ადვოკატი უარყოფს, რომ დანაშაული გენდერული ნიშნითაა ჩადენილი და მიუხედავად იმისა, რომ გოგონას სხეულზე 50-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ამტკიცებს, რომ ,,ორივე ნარკოტიკების მოხმარების შედეგადაა დაღუპული”.

ცინდელიანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. გამოიკითხნენ მოკლულის მშობლებიც. ცინდელიანის ადვოკატები საქმეში პირადი ინფორმაციის არსებობის მოტივით, სხდომის დახურვას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ბრალდების მხარის განცხადებით კი, ადვოკატები მთელი პროცესის განმავლობაში, შვილმკვდარი მშობლების დისკრედიტაციას ცდილობდნენ:

,,ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა გარდაცვლილზე. დადასტურდა ის, რომ ბრალდებულისთვის ეს არ იყო პირველი შემთხვევა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახ მკვლელობა და შესაბამისად, მათ მიაწოდეს სასამართლოს ის ინფორმაცია, რომელიც იციან გარშემო მყოფი პირებისგან. ვუსმენდი დაცვის მხარის შეკითხვებს და გულწრფელად ვამბობ, რომ ვერ გავიგე რა უნდათ. კითხვები, რომელიც მიმართული იყო დაზარალებულისკენ, გარდაცვლილის დედისკენ, გარდაცვლილის მამისკენ, იყო მხოლოდ ერთი გარემოების მაფიქრებელი – როგორმე დისკრედიტაცია მოეხდინათ გარდაცვლილის მშობლების”, – ამბობს საქმის პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

შეგახსენებთ, რომ ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. ბრალდებული ოთარ ცინდელიანია, რომელსაც ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები