„ლელო“ „ქართულ ქარტიას“ უერთდება

პარტია „ლელო – საქართველოთვის“ „ქართულ ქარტიას” უერთდება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ეს ქარტია არის ადამიანების, პოლიტიკური პარტიების თანხმობა, რომელიც მისივე სიტყვებით, ქვეყნიდან რუსულ რეჟიმს გაისტუმრებს.

“ეს არის ერთობა და არა რაღაც ერთიანი სია ან ერთიანი პოლიტიკური გაერთიანება. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ყველა იმ ადამიანთან ერთად, განსაკუთრებით, იმ ახალგაზრდებთან ერთად, ვინც დღეს ქუჩაში განუწყვეტლივ, თვეზე მეტია რუსულ ხელისუფლებას აპროტესტებს.ეს ქარტია პროცესშია. აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, იმიტომ, რომ ჩვენთვის და ამომრჩევლისთვის არ არის მთავარი მარტო სასამართლო რეფორმა ან რაღაც სტრუქტურული რეფორმები. ჩვენთვის მთავარია, რომ სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან მუშაობას, რა თქმა უნდა, პრეზიდენტთანაც”, – განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს. პარტიები დღეიდან ქარტიას ხელმოწერით უერთდებიან.

მსგავსი თემები