სანამ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, შეჩერდეს მშენებლობა – ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა

თბილისში, ყაზბეგის ქუჩის მოსახლეობა 10-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ყაზბეგის #34-ის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ საბავშვო ბაღის ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო, რამდენიმე თვის შემდეგ კი მათ კორპუსს ბზარები გაუჩნდა.

მოსახლეობა ითხოვს ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გაკეთდეს, თუ რამდენად უსაფრთხოა მიმდინარე სამუშაოები გვერდით მდებარე კორპუსის მოსახლეობისთვის, დასკვნის მომზადებამდე კი პროცესში შეჩერდეს. მათ გუშინ საღამოს კომპანიის ტექნიკას ადგილზე შესვლის საშუალება არ მისცეს.

,,რაც მშენებლობა დაიწყო, ჯერ იყო მიწისძვრასავით რყევები, რამაც გამოიწვია დაბზარვა კორპუსის. ამდენი თვეა მოვითხოვთ ამ კომპანიისგან, რომ ჩვენც ჩაგვრთონ ამ პროცესში, სამხარაულის ექსპერტიზაც მოვითხოვოთ, რომ დაწეროს რა გავლენაა მოხდენილი ამ მშენებლობის დაწყებიდან. მოთხოვნა გვქონდა ამდენი ხანი, რომ სანამ ეს ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, იქნებ შეაჩერონ მათ თავიანთი მშენებლობა. რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს, მოგვიწია გამოსვლა, ფიზიკურად პიკეტის მოწყობა, რომ არ შეგვეშვა ადგილზე და არ მომხდარიყო საძირკველის ჩასხმა”, – ამბობს ალექსანდრე წერეთელი.

მსგავსი თემები