ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიცია სპორტისა და ხელოვნების „პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს განცხადებას, რომელშიც წერს, რომ ოპოზიცია ქართული სპორტისა და ხელოვნების „საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვრას“ ცდილობს.

ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებმა თბილისის მერი და ვეტერანი ფეხბურთელი კახა კალაძე გააკრიტიკეს ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამაზე, როინ ქოჩორაშვილზე ნათქვამის გამო.

კახა კალაძემ თქვა, რომ როინ ქოჩორაშვილმა პროევროპულ მარშს მხარი პოლიტიკური კუთვნილების გამო დაუჭირა.

„რა გიკვირთ, რატომ გაგიკვირდათ როინ ქოჩორაშვილის? „ნაცია“ ხო ახლა, რა არის ამაში პრობლემა, როინ ქოჩორაშვილი არის „ნაცი“, გახარიას პარტიის წარმომადგენელია, ხო იცით ეს ჩემზე უკეთესად”, – თქვა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, სპორტში ბოლო წლებში მიღწეულ წარმატებაში „ხელისუფლების ძალისხმევის წილიც დიდია“. თუმცა ხელისუფლებას არასოდეს უცდია, ეს გამარჯვებები „თავისთვის მიეწერა“.

ირაკლი კობახიძე წერს, რომ სპორტი ყველასია და ასეთად უნდა დარჩეს. ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, „სუბიექტურ ინტერესებზე მაღლა“ დადგეს და „ქართულ სპორტსა და ხელოვნებას პოლიტიკა მაქსიმალურად“ აარიდოს.

„სამწუხაროა, რომ რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვუფრთხილდებით, საერთოდ არ უფრთხილდება ოპოზიცია, რომელიც აქტიურად ცდილობს, ქართული სპორტი და ხელოვნება საკუთარ პოლიტიკურ ჭუჭყში გასვაროს… მხოლოდ უსამშობლო ადამიანები თუ იკადრებენ იმას, რასაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები ქართული სპორტისა და ხელოვნების წინააღმდეგ კადრულობენ. ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც კომპრომეტირებულ ხელოვანებს, სპორტსმენებს და მათი ოჯახის წევრებს საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების სამსახურში აყენებდნენ და იგივეა მათი ხელწერა დღესაც“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ამ განცხადებაში უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს პოლიტიკოსებს, მიხეილ სააკაშვილს, ნიკა გვარამიას და გიორგი გახარიას და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დირექტორს, ეკა გიგაურს.

„ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც გულგრილი არ არის საკუთარი ქვეყნის, ქართული სპორტისა და ხელოვნების მიმართ, უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის, გახარიას და გიგაურის პოლიტიკურ ჭუჭყში ქართული სპორტისა და ხელოვნების გასვრა არ დაუშვას“, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

პოლიტიკური განხილვა გამოიწვია ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის „ინსტაგრამის“ წაშლამ მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა 9 აპრილს თავისი დისშვილის ფოტო გამოაქვეყნა პროევროპული მარშიდან. ამის შემდეგ ფეხბურთელის ვერიფიცირებული „ინსტაგრამ-გვერდი”, 20 000 გამომწერით, ხელმისაწვდომი აღარ არის (10 აპრილი, 19:00).

ე.წ. აგენტების კანონის მოწინააღმდეგეებმა ქოჩორაშვილის „ინსტაგრამ-სთორი“ მხარდაჭერად აღიქვეს. ეს ვარაუდი განამტკიცა ფეხბურთელის მამის ფეისბუკაქტივობამაც.

შვილის „ინსტაგრამის“ ანგარიშის გაქრობის შემდეგ, როინ ქოჩორაშვილმა ფეისბუკზე იდენტური ფოტო გამოაქვეყნა და ასევე დაწერა, რომ „საქართველოს გზა ევროპაშია“.

მესამე ფეისბუკპოსტში ფეხბურთელის მამამ ჟურნალისტებს უპასუხოდ დატოვებული კითხვების გამო ბოდიში მოუხადა და განმარტა, რომ მისი პოზიცია უცვლელი და დაფიქსირებულია. „ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, – დაწერა როინ ქოჩორაშვილმა.

მსგავსი თემები