უკრაინაში დაღუპული თენგიზ ჭანია განმუხურში დაკრძალეს

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი მებრძოლი, 48 წლის თენგიზ ჭანია, მშობლიურ ოტობაიასთან ახლოს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ განმუხურში სამხედრო პატივით დღეს დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდზე ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგეს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებმა და მოქალაქეებმა. განმუხურში ჩავიდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, გენერალ-მაიორი სერგეი კრავჩუკი.

მისი სიტყვებით, მესამე წელია, რაც უკრაინელებთან ერთად ქართველი მეომრები იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ საერთო მტერთან, რუსეთთან ბრძოლაში. სერგეი კრავჩუკის თქმით, თენგიზ ჭანია ერთ-ერთი ასეთი მებრძოლია, რომელმაც სიცოცხლე დათმო უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის.

თენგიზ ჭანია ბრძოლის წინა ხაზზე, დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკასთან აფეთქებას 22 მარტს ემსხვერპლა. მისი ცხედრის გამოტანა თანამებრძოლებმა ადგილზე მიმდინარე აქტიური საომარი მოქმედებების გამო მხოლოდ სამი დღის შემდეგ, 25 მარტს, შეძლეს. სამშობლოში კი 3 აპრილს, გამთენიისას ჩამოასვენეს. 48 წლის მებრძოლი რუსეთის მიერ ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიიდან დევნილი იყო.

მსგავსი თემები