ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ გააუქმებს

ესპანეთის მთავრობა გააუქმებს „ოქროს ვიზის“ პროგრამას, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი ინვესტიციის დაბანდების შემთხვევაში უცხოელებს ბინადრობის უფლებას ანიჭებს. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტი პროგრამის ლიკვიდაციის პროცესს დღეს, 9 აპრილს დაგეგმილ სხდომაზე დაიწყებს.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა 8 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პროგრამის შეწყვეტა საცხოვრებელზე წვდომას აქცევს უფლებად და არა სპეკულაციურ ბიზნესად.

„ოქროს ვიზის“ პროგრამით, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქე იპოთეკის გარეშე სულ მცირე 500 ათასი ევროს უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში იღებს სამი წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრების და მუშაობის უფლებას.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან, 2013 წლიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით გაიცა 5000-მდე ასეთი ნებართვა.

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ 2023 წლის ანგარიშით, „ოქროს ვიზის“ პროგრამით მოსარგებლეთა სიაში პირველ ადგილზე ჩინელი ინვესტორები არიან, მეორეზე კი – რუსები, რომლებმაც ესპანეთში 3,4 მილიარდი ევროს უძრავი ქონება შეიძინეს. საერთაშორისო ორგანიზაციას ეჭვი ეპარება, რომ ესპანეთის ხელისუფლებამ ამ ინვესტორების ქონების წარმომავლობა გამოიკვლია.

მსგავსი თემები